19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ზუგდიდში მოკლული კაცი სახლში გადაასვენეს - პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები მეზობლის სახლშიც ჩაატარა

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მოკლული მამაკაცის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს.

მანამდე კი ამავე კორპუსში, მეზობლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. სამართალდამცავებმა ბინის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი უკონფლიქტო პიროვნება იყო. რამდენიმე მათგანი კი ამბობს, რომ მამაკაცის ბინიდან ბოლო პერიოდში ხმაური ისმოდა და მომხდარს შურისძიებას უკავშირებენ.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

პოლიციაში შეტყობინება ხანძრის შესახებ შევიდა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცხედარი დახვდათ. 

დღის ამბები