19 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - 4 საათია დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმის, ვახო ახვლედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი გრძელდება. 4 საათია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ვახო ახვლედიანის გამოკითხვა. ის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმეა. მან დეტალურად გაიხსენა, როგორც 18 ივნისის ღამეს აგარაკზე მომხდარი დაპირისპირება, ასევე ავტომაგისტრალზე განვითარებული მოვლენები. 

"კურიერის" ინფორმაციით, ვახო ახვლედიანმა ვერ დააკონკრეტა, რამდენი ადამიანი გადაადგილდებოდა გიორგი შაქარაშვილის მიმართულებით. ის ამბობს, რომ ესმოდა გინების ხმები, თუმცა უჭირს თქმა, კონკრეტულად ვის ეკუთვნოდა ეს ხმები.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.ს- ადვოკატი ამბობს, რომ ვახო ახვლედიანი ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.

"აბსოლუტურად ის ინფორმაცია, რომელიც უკვე ცხადი და ნათელია და რასთან დაკავშირებითაც ჩვენ არანაირი კითხვა არ გვაქვს და ისედაც ყველასთვის ნათელია, ეს ინფორმაცია მიაწოდა ახვლედიანმა. შაქარაშვილი მისი თვალთახედვის შემდგომ სად წავიდა, როგორ წავიდა, რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები, როგორ აღმოჩნდა ის წყალში, ამასთან დაკავშირებით მას არაფერი არ დაუნახავს, არანაირი ხმა არ გაუგონია.

დაიმალა ბუჩქებში, მას იმის შემდეგ უკვე ვინ გაეკიდა და რამდენი გაეკიდა და რამდენი იყვნენ, ეს არ უთქვამს,“ - აცხადებს გიორგი გელხაური

ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იცოდა.

"რაც იცოდა, ყველაფერი განაცხადა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ბრალდების არც ერთი შეკითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი და ამჯერად, დაცვის მხარე დასვამს შეკითხვებს,“ - ამბობს კახა წერეთელი.

დღის ამბები