20 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
ერთადერთი ადეკვატური მოლოდინია, რომ უდანაშაულო ადამიანები დავიხსნათ უკანონო პატიმრობისგან - მელაშვილის და ილიჩოვას ადვოკატები

საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა ორ საათში დაიწყება.

პროცესი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები მზად არიან, პატიმრობის სანაცვლოდ, ნებისმიერ სხვა ღონისძიებას დათანხმდნენ, მათ შორის, არ არის გამორიცხული გირაო და პასპორტის ჩაბარება.

"ეს არ იყო შეჯიბრობით და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ, შესაბამისად მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა სახელმწიფო ბრალდების მხრიდან, მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა დაცვის უფლების განხორციელება. მაგალითად პენიტენციური სამსახურის მხრიდან შეზღუდვა ბრალდებულთან სათანადო შეხვედრის. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაული დაამტკიცოს ამ ორი ადამიანის,"- აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

"არანაირი სისხლის სამართლებრივი მიზანი არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნის, შესაბამისად ერთადერთი ადეკვატური მოლოდინი, რაც შეიძლება დღეს გვქონდეს სასამართლოსგან, იქნება ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, უდანაშაულო ადამიანები დავიხსნათ უკანონო პატიმრობისგან, რომელშიც ისინი ამ დრომდე იმყოფებიან,"- აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.

"არანაირ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ორივე ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ არამარტო დავით გარეჯი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ნებისმიერი მონაკვეთი, შეთანხმებული ყოფილიყო საქართველოსთვის მაქსიმალურად სასარგებლო მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ეჭვები, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საქართველოში, ამის პრეცენდენტები არსებობს და ამ საქმეს არ განვიხილავთ, როგორც მხოლოდ სამართლებრივ პროცესს,"- აღნიშნავს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

სასამართლო სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. ადგილზე ილიჩოვასა და მელაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან. ისინი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

დღის ამბები