"ქართული ოცნების" წევრებმა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება შეაფასეს.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, პროკურატურის არგუმენტი, რომ დაკავებულებს ხელი არ შეეშალათ მტკიცებულებების მოპოვებისთვის, აღარ არსებობს, რადგან გამოძიების ეს ეტაპი უკვე დასრულდა. შესაბამისად, მათი გათავისუფლება ლოგიკური იყო.
"პროკურატურას ჰქონდა ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი და სულ ამაზე აპელირებდნენ, რომ მათი პატიმრობაში დატოვების მთავარი არგუმენტი იყო მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. როდესაც დასრულდა ის ეტაპი, როდესაც გამოძიების მხრიდან მტკიცებულებების მოძიება ხდება, მათი პატიმრობაში დატოვების ეს ერთადერთი არგუმენტი აღარ არსებობს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თეა წულუკიანის განმარტებით, სასამართლო დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ხოლოდ ერთი კრიტერიუმით იღებს- საჭიროა, თუ არა ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის.
"ბევრს ჰგონია, ის, რაც არ არის სამართლებრივი რეალობა, რომ თუ პირი არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის წინასწარი განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის გამოძიებისათვის ინსტრუმენტი, რომ მოცემული პირებისგან, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან, გამოძიებამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, თუ დღეს აღმოჩნდა, რომ დაცვის და ბრალდების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვევა, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით - საჭიროა თუ არა კვლავ ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.