17 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
თუ ოპოზიციას უნდა, რომ მე-5 პოლიტპატიმარიც გათავისუფლდეს, დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ოპოზიციის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლდნენ.

ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ 5 პოლიტპატიმრიდან 4 უკვე გათავისუფლებულია, ხოლო ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. 

"თავიდან როდესაც დავიწყეთ მოლაპარაკება, იყო 5 გვარი მოლაპარაკების მაგიდაზე და ხუთიდან 4 გათავისუფლებულია, მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თუ ვინმეს უნდა, რომ მეხუთე გვარი, რომელიც დარჩა საპატიმროში იმ პოლიტპატიმართა სიიდან, ისიც გათავისუფლდეს, ჩვენ კი ნუ გველაპარაკებიან ნიშნისმოგებით, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად ვიბრძოლოთ მისი გათავისუფლებისთვის.

რა თქმა უნდა, დღევანდელი გათავისუფლება კარტოგრაფების, ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ილიჩოვას, ყველაფერს ცვლის. ჩვენ რას ვამბობდით - რომ პარლამენტში შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს. ეს არის ნდობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი და კარგი ნაბიჯი,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

დღის ამბები