ვაქცინის მიღების ზუსტი დრო ცნობილია. ინფორმაციის პირველწყარო პრემიერ-მინისტრია. გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.
გეგმის თანახმად, საწყის ეტაპზე მედპერსონალი აიცრება.
როგორც ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, "ფაიზერის" ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს.
"ვაქცინის გასაკეთებლად შერჩეულია ისეთი კლინიკები, სადაც არის მსგავსი გართულებების მართვის გამოცდილება, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი კლინიკა იქნება. პირველი აცრა უკვე იძლევა გარკვეულ იმუნიტეტს, მეორე აცრის შემდეგ კი, ეს იმუნიტეტი მტკიცეა. ამ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს. ასეთ ვაქცინის პირველი პარტია შემოდის საქართველოში," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი განმარტავს, რომ გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატს გააჩნია, თუმცა ეს ამ ვაქცინის შემთხვევაში თუ მოხდება, ეს იქნება ძალიან დაბალ პროცენტში.
"გვერდითი ეფექტები თითქმის ყველა პრეპარატს გააჩნია, მაგრამ რასაც აჩვენებს პრაქტიკა და კვლევები "ფაიზერის" ვაქცინას გვერდითი ეფექტები ძალიან დაბალ პროცენტში უვითარდება. ეს ეფექტები კი, ძირითადად მსუბუქია და არა მძიმე. ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა მძიმე გვერდითი მოვლენები დაფიქსირდეს, მაგრამ ის სივრცე, სადაც ვაქცინაცია მოხდება, აღჭურვილი იქნება შესაბამისი აღჭურვილობით და პროფესიონალი მედიკოსები იქნებიან," - აღნიშნავს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.