17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"ნარკოპოლიტიკის საბოლოო ამოცანა არის არა ლიბერალიზაცია, არამედ მიწოდების და მოხმარების შემცირება" - დავით სერგეენკო

პარლამენტი 8 დასახელების ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობას კომიტეტებში იწყებს. კანონმდებლები ამ თემას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მოგვიანებით კი - ჯანდაცვის კომიტეტზეც განიხილავენ.

პროექტის ავტორთა განმარტებით, საქმე ეხება ყველაზე ხშირად მოხმარებად ნარკოტიკს.

ცვლილება შესაძლებელს გახდის განაჩენის გადასინჯვას, თუმცა, ეს მხოლოდ იმ მსჯავრდებულებისთვის, ვინც ნარკოტიკის შენახვა-მოხმარებისთვის მოხვდა ციხეში და არა რეალიზაციისთვის.

"ნარკოპოლიტიკის საბოლოო ამოცანა არის არა თავისთავად ლიბერალიზაცია, ან დეკრიმინილიზაცია, არამედ ერთი მთავარი მიზანი - მიწოდების შემცირება და მოხმარების შემცირება. ამას საკმაოდ რთული გზა აქვს და დღევანდელი ცვლილებები კარგ ფუნდამენტს მოგცემს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სვლა გავაგრძელოთ," - აღნიშნა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ. 

"გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების დოზა, თუკი აქამდე პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევდა, ამ ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში გამოიწვევს ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს იქნება უფრო ჰუმანური მიდგომა, უფრო დაბალანსებული. ეს არ იწვევს იმას, რომ გაუქმდეს დანაშაულის შემადგენლობები, მოხდეს პირების გამოშვება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, თუმცა, ამასთანავე, მთელ რიგ პირებს სასჯელის ნაწილში, შესაძლებელია, შეეხოთ შემსუბუქება ამ ცვლილებების შედეგად," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები