დღეიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში. ამ ქალაქებში აღდგა სასწავლო პროცესიც სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში.
აჭარა არის ერთადერთი რეგიონი, სადაც რესტორნების ღია სივრცეები მომხმარებლების მიღებას იწყებენ.
რესტორან "შეფკლუბის" მენეჯერის, ბესო შავიშვილის ინფორმაციით, კიდევ უფრო გამკაცრდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, რესტორნის სტუმარს პირბადის მოხსნა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე კერძს, ან სასმელს მიირთმევს.
"რეგულაციების დაცვა უფრო გავამკაცრეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა წესები და სტანდარტები, რაც პროტოკოლმა გამოგვიგზავნა. რომლის მიხედვითაც, დიდი ყურადღება ექცევა, პირველ რიგში, შემოსულ მომხმარებელს, რომელსაც ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. აუცილებელია ის პირობა, რომ ჰქონდეთ პირბადე. მომხმარებელს პირბადის მოხსნა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მიირთმევს რაიმე სახის კერძს ან დასალევს,"-განაცხადა ბესო შავიშვილმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქების პროცესის გასაგრძელებლად, აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა და ბიზნესმა გააგრძელონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.
"მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებთან და ბიზნესთან ერთად გავაგრძელოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვა, ვინაიდან ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი. იცით, რომ კვების ობიექტებს დღეიდან აქვთ საშუალება, ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს. ჯამში, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ თანმიმდევრულად აღვადგინოთ ეკონომიკა,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის, მაია ხაჩიშვილის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, ყველა სკოლაში შეიქმნა შესაბამისი პირობები მოსწავლეების საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად. მისივე ინფორმაციით, ერთადერთი გამონაკლისია შუახევის საშუალო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესის აღდგენა, პედაგოგების ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, ორი კვირით გადაიდო.