ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ პროკურატურა დატოვა მალხაზ მიქელაძემ. საზღვრის დემარკაციის კომისიის მოქმედი წევრი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. 6 საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ მალხაზ მიქელაძემ განაცხადა, რომ გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა იმ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ის ვიდეოჩანაწერში ივერი მელაშვილთან ერთად ერთ-ერთი ფიგურანტია. მიქელაძე კომისიას 2005 წელს ხელმძღვანელობდა.
როგორც მიქელაძემ განაცხადა, ფარული ჩანაწერი ვერ ამტკიცებს ვინმეს ბრალეულობას.
დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც მის, ივერი მელაშვილის ან ნატალია ილიჩოვას ბრალეულობაზე მიუთითებს.
"მე 2006 წელს არ გახლდით კომისიის წევრი. შესაბამისად, ჩემთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო. ივერი მელაშვილთან საუბარი ემსახურებოდა ტექნიკური საკითხების განხილვას. მე ვერ დავიწყებ ბატონი ივერის საუბრის ინტერპრეტაციას. ერთადერთს აღვნიშნავ, რომ ამ ვიდეოკადრების საჯარო გაშუქების დროს, გარკვეულწილად, არასწორი ინტერპრეტაცია იქნა მიცემული ჩემს ცალკეულ სიტყვებზე. არასწორი ჩანამატები იყო მოცემული, როცა საუბარი იყო რაღაც კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაზე. ამას ადგილი არ ჰქონია,“ - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.
მალხაზ მიქელაძის ადვოკატი ივანე ჩიტაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ის სტატუსის შესაძლო შეცვლას გამორიცხავს.
"ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ ბატონი მალხაზის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე სახით სტატუსის ცვლილება არ უნდა მოხდეს. ბატონი მალხაზი არასდროს არ გაურბოდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამივე გამოკითხვის დროს ამომწურავი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს, შესაბამისად, წესით მისი დამატებით დაბარება აუცილებელი აღარ უნდა გახდეს,“ - განაცხადა მალხაზ მიქელაძის ადვოკატმა ივანე ჩიტაშვილმა.