რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დასრულდა. გოჩა სვანიძე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნის გარშემო იყო საუბარი და გამოძიება, ძირითადად, ინტერესდებოდა გლდანისა და ვაკის რაიონში მდებარე მიწით, რომელიც ერთ დროს იყო რაგბის კავშირის მფლობელობაში, თუმცა გასხვისდა.
გოჩა სვანიძის თქმით, რაგბის კავშირში არანაირ კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა დაარეგისტიროს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება უკანონო იქნება:
"აუდიტის დასკვნის გარშემო იყო საუბარი. მე კონკრეტულ კითხვებს და პასუხებს აქ ვერ გეტყვით. რაგბის კავშირში არანაირ კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ამ განხილვის სამართლებრივი შედეგი ვიცი მე. კატეგორიული ვარ, საერთოდ არ მჩვევია კატეგორიულობა როდესაც სამართალზეა საუბარი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავს უფლებას ვაძლევ ვიყო კატეგორიული. სხვა გადაწყვეტილება ნებისმიერი, თუ არ დაკმაყოფილდა საჩივარი, იქნება უკანონო," - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
საქმის პროკურორის პაპუნა კერესელიძის განმარტებით, გამოძიების დაწყების საფუძველი ერთი წლის წინ სახელმწიფო აუდიტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა:
"2020 წლის მარტში გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახელმწიფო აუდიტიდან მოწვდილი ინფორმაცია და ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება იქნა ჩატარებული საქმესთან დაკავშირებით" - განაცხადა პაპუნა კერესელიძემ.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მიმდინარე პროცესებს 4 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას უკავშირებენ, სადაც ირაკლი აბუსერიძისთვის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის თქმას და ახალი არჩევნების დანიშვნას გააპროტესტებენ. საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს თავად ირაკლი აბუსერიძეც.
"დღევანდელი ჩვენთვის მოულოდნელი იყო იმიტომ რომ მეგობრებმა დამირეკეს და არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი. რაღაც, მგონია, რომ შეიძლება შემთხვევითობაა, რომ დაემთხვა ხვალინდელ დღეს, გასაკვირი ისაა, რომ პროცესი რომ მიმდინარეობდა, ვიცოდით ყველამ, მაგრამ ეს რომ ხვალინდელ განხილვას დაემთხვა...
მე იმედი მაქვს, რომ კანონიერად გადაწყდება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არაა, რომ საჯარო რეესტრმა მოსამართლის მანტია მოირგოს და ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მოსამართლის პრეროგატივაა," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი