შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე -1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" საქართველოში შემოტანას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა დანაშაულის სისრულეში მოყვანის სავარაუდო მარშუტი. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის- მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით- 1171 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.