საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ 12 წლიან უკანონო პატიმრობას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. დავით ზალკალინი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო პროვოკაციად აფასებს, მისი თმით, რუსეთის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
"მუდმივი წნეხი იქნება მათზე, მე ამის პირობას გაძლევთ, ყველა ფორუმზე და ყველა ფორმატში, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომელსაც მივმართავდით ჩვენ წინა მსგავსი, უკანონო ქმედებების დროს. ეს არის რა თქმა უნდა პროვოკაცია და მცდელობა, რომ ეს დესტრუქციული ელემენტი შემოიტანონ, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე გახადონ ის საქართველოზე ზეწოლის ერთგვარ ინსტრუმენტად, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გავლილი არის. ჩვენ არაერთი მსგავსი მაგალითი გვინახავს ამის და ვიცით, რა ხერხებით დავუპირისპირდეთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მე ამის პირობას გაძლევთ," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელი. დიპლომატი უკანონოს უწოდებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეს თორმეტი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.
საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.