უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრმა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართა. დიპლომატებს გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქის პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ გახელაძე მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უაღრესად სერიოზულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი.
გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი," - განაცხადა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა.
"ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად აკვირდება და სწავლობს. პრემიერმა თვითონ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პატივცემულ ელჩებს. ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშირებით. უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო წარმომადგენლები, ისევე როგორც მთლიანად სახელმწიფო აპარატის კოორდინებული მოქმედების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა," - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.