27 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
რას ამბობს დის მიმართ ძალადობაში ბრალდებული - შესაძლო მსხვერპლის დედა მომხდარში პრობლემას ვერ ხედავს

"კურიერმა" დის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულთან გასაუბრება სცადა, თუმცა, 26 წლის მამაკაცმა თემასთან დაკავშირებით "კურიერის" არცერთ კითხვას არ უპასუხა.

დაზარალებულის და ბრალდებულის დედა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო შესაძლო ძალადობის მსხვერპლმა პოლიციას სპონტანურად, გაუაზრებლად მიმართა. 

ბრალდებულისა და შესაძლო მსხვერპლის მეზობლები ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე, და-ძმა სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ. 

"კურიერმა" გაარკვია, რომ ძმამ არასრულწლოვან დას დაზიანება სახის არეში მიაყენა. გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საქმეში ჩართულია სოციალური სამსახური, რომლის წარმომადგენელი არასრულწლოვანს ოჯახის წევრთან ერთად უკვე შეხვდა. 

"ამ ეტაპზე, რაც მთავარია, არასრულწლოვნისგან განრიდებულია, მისგან განცალკევებულია მოძალადე, ისე, რომ ის უსაფრთხოდ და მშვიდად თავის ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრობს და უწყვეტად იღებს საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობას. ერთი თვით არის შემაკავებელი პროცედურები, ეს უკვე სამართალდამცველების პრეროგატივაა და ისინი ამონიტორინგებენ ამას,"- განაცხადა ბორჯომის ტრეფიკინგის სააგენტოს წარმომადგენელმა ირმა ებრალიძემ. 

დაზარალებულს უკვე ჰყავს ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ ძიება ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი შალვა გოგოლაძე ადასტურებს, რომ ძმამ დას სახეში გაარტყა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა პოლიციას მიმართა. 

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბორჯომში, 26 წლის მამაკაცმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, 17 წლის დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, გ.კ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური და მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი მიმდინარეობს.

დღის ამბები