07 სექტემბერი 2026,   14:19
ვრცლად
"რამე თუ არ მოსწონთ, უფლება აქვთ წავიდნენ" - მეშახტეების პროტესტს "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პასუხობს

პროტესტი შახტიდან - ტყიბულში 15-მდე მეშახტე საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს და რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმიდან არ გამოდის.

ამ ფორმით ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ.

მეშახტეები აცხადებენ, რომ 1-დან 15 იანვრამდე ვინც იმუშავებდა, ხელფასზე დანამატი 20% უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს თანხა მათთვის არავის გადაუხდია.

მეშახტეების თქმით, ადმინისტრაციის არგუმენტის თანახმად, თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ და აიღეს მხოლოდ 45 ლარი. 

მეშახტე გონერი გელაძე აღნიშნავს, რომ ხელფასი, რომელიც დანამატით უნდა აეღოთ, არ აუღიათ.

"პირველი იანვრიდან 15 იანვრამდე არ უნდა გვემუშავა. გამოგვიცხადეს, რომ 1 იანვრიდან 15-მდე ვინც იმუშავებდა, იმას მიეცემოდა ხელფასზე დამატებით 20%. მოიმიზეზეს, რომ 1400 ტონა ნახშირი დააკელით გეგმასო და ამიტომ "ნარიადი" დაგეხურებათ 45 ლარზეო. 300 ლარის გულისთვის ვინ ჩაიცვამს სპეცს და ვინ ჩავა ქვემოთ?!"- ამბობს გონერი გელაძე.

ობიექტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, რა გახდა პროტესტის მიზეზი, კომპანია არ საუბრობს.

"საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სოცკი აცხადებს, რომ ვისაც პირობები არ მოსწონს შეუძლია სამსახური დატოვოს.

"ასეთი გეგმით მუშაობდნენ ისინი ნოემბერში და დეკემბერში, მათ დანამატებიც აიღეს. რაც შეეხება 24 საათის მანძილზე საკვების არმიწოდებას, ეს ასე არ არის. ჩვენთან ეს პირობები შეთანხმებაში არ ყოფილა განსაზღვრული, მათ სრული უფლება აქვთ, რამე თუ არ მოსწონთ, წავიდნენ,"-აღნიშნა მიხეილ სოცკიმ.

დღის ამბები