18 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
ტრაგედია ქობულეთში - დაკავებულის ოჯახის პირველი კომენტარი

ტრაგედია ქობულეთში - 14 წლის არასრულწლოვანმა, რომელთანაც 23 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა თავი მოიკლა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მას შემდეგ რაც ოჯახმა მომხდარის შესახებ შეიტყო, სამართალდამცავებს მიმართა, მოგვიანებით კი გოგონამ თავი მოიკლა.

ბრალდებულის ოჯახი გოგონაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას გამორიცხავენ და ბრალდებას გარდაცვლილის ბაბუას უყენებენ.

"სამი თვეა მიმდინარეობს გამოძიება. ამ ხნის განმავლობაში არავითარი დასკვნა, არავითარი ხელმოსაჭიდი. ის გოგო ოჯახმა იმ დონეზე მიიყვანეს, რომ თავი მოიკლა. ჩემ შვილს არაფერი ურთიერთობა არ ჰქონია. კომენდანტის საათი იყო და მანქანით გადაიყვანა, მეგობრობდნენ," - ამბობს არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მამა.

დაკავებულის დედა კი ამბობს რომ გარდაცვლილ გოგონაზე მისივე ოჯახის წევრი, ბაბუა ძალადობდა. 

"ბაბუა სისტემატურად თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემ შვილს, მეგობრობდნენ მიშველეო, გადამიყვანე მოგობართანო. არ ვიცი ეს საქმე ჩაწყობილი იყო, თუ რა. ჩემ შვილს თითი არ აქვს დაკარებული," - ამბობს არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის დედა. 

საპირისპიროს ირწმუნება გარდაცვლილი გოგონას ბაბუა. მისი თქმით, მოზარდზე 23 წლის მამაკაცმა სექსუალური ძალადობა ორჯერ განახორციელა, თუმცა პოლიციაში უთხრეს, რომ ამისთვის მტკიცებულება იყო საჭირო.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გოგონა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდა. 

"ეს არის უდიდესი ტრაგედია როგორც ჩვენი სამინისტროსთვის ასევე სახელმწიფოსთვის. გოგონა სახელმწიფო ზრუნვაში არ იმყოფებოდა. იყო მზრუნველ გარემოში, ნათესავებთან ცხოვრობდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ და არ ვუზრუნველყოთ თითოეული ბავშვი რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო და გამაძლიერებელი სერვისებით,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

გოგონა ბაბუასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მას მამა გარდაცვლილი ყავს, დედა კი თურქეთში სამუშაოდ არის წასული. ბრალდებული მამაკაცი კი დაკავებულია, მას თექვსმეტ წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები