ოკუპირებულ ცხინვალთან მუშაობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას პარტნიორებთან ერთად მოუწევს, რადგან პრობლემა იკვეთება არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ გადაადგილების თავისუფლება უკვე წელიწადზე მეტია შეზღუდულია, არამედ ახლა უკვე მთავარი პრობლემა უკანონო დაკავებები გახდა.
სწორედ გახშირებული უკანონო დაკავებებისა და უკანონო პატიმრობის მსხვერპლი გახდა ზაზა გახელაძეც, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ თითქმის 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გარდა ამისა საოკუპაციო რეჟიმმა, ორი დღის წინ, 21 წლის ახალგაზრდა ერიკ დრულევიც დააკავეს, რომლის ბედიც ჯერჯერობით უცნობია.
დაკავებულთა ოჯახის წევრები უკანონოდ დაკავებულების დაბრუნებას ელოდებიან. ისინი "კურიერს" უყვებიან, თუ როგორ უჭირთ მათ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება.
"ვცხოვრობთ ერთად, ოკუპაციასთან, შიშთან და გატაცებულებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე სრული 7 თვე შესრულდა, იმედი ოჯახს არასდროს დაგვიკარგავს, ყოველთვის გვქონდა, რომ დაგვეხმარებოდნენ, გვერდში დაგვიდგებოდნენ, ჩვენს საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ,“ - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზიმ.