ვინ უშლის ხელს მცხეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას - ქალაქი უკვე 6 წელია გაჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საკუთარ მიწებზე, რომელშიც გადასახადს იხდიან, ვერ აშენებენ სახლებს, ვერ ასრულებენ გარე სარემონტო სამუშაოებს და იმის უფლებაც არ აქვთ, რომ დაზიანებული სახურავები გამოცვალონ.
ქალაქში მორატორიუმი 2015 წელს გამოცხადდა, მას მერე განაშენიანების გეგმაზე კონკურსი ორჯერ ჩატარდა, თუმცა კომპანიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი სხვადასხვა დროს, ხან იუნესკომ ხან კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწუნა.
დღეს არაერთი ბრალდება ისმის, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მისამართითაც. ქალაქის მერია, მოსახლეობა და ოცნების მაჟორიტარი კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებზე საუბრობენ. კითხვები ისმის საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურის უფროსის მისამართითაც. ალავერდელ მიტროპოლიტს კი საკუთარი ვერსიები აქვს.
ურთიერთბრალდებებისა და გაურკვევლობის გამო მხოლოდ ერთი მხარე, ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. ამ დრომდე უცნობია როდის გაუქმდება 2015 წელს ჯერ ერთწლიანი და შემდეგ უკვე რამდენჯერმე ვადა გახანგრძლივებული მორატორიუმი.