პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს ,შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანად მართვისთვის.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი ისაუბრა ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიციის როლი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაურს როგორც უწყების კარგ მმართველს აქვს მთავრობის სრული მხარდაჭერა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი და მთავრობა ამ მიმართულებით კომპრომისზე არ წავა.ეს მტკიცე პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა მინისტრსაც.
"ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს, მე მინდა მათ ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი! 24 საათის მანძილზე, ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე, იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად.
ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. პოლიციელის მიმართ ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება.
პოლიციელი არის ხელშეუხებელი, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთი მტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგ გომელაურს აქვს.
დღეს პოლიცია არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, სამართალდარღვევა მკაცრად, კანონის ფარგლებში იქნება დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე.
თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი, ამავდროულად სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ კანონი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ბატონ ვახტანგთან მქონდა უკვე საუბარი, მას აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში. უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას. ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.