24 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - 72 საათიანი ვადა დღეს იწურება

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატებმა სასამართლოს უკვე მიმართეს, წარმოების მიღების 72 საათიანი ვადა დღეს იწურება.

თუ მეორე ინსტანცია საქმის განხილვაზე უარს იტყვის, დაცვის მხარე საკითხის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აღარ აპირებს და ევროსასამართლოს მიმართავს.

ნიკა მელიას უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი არ მიიღოს, რადგან გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული.

"შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ ვინაიდან მუხლის განმარტება, რომლითაც ეზღუდება არსებითი საქმის განხილვის დროს პირს გასაჩივრების უფლება დაპატიმრების ღონისძიების, ეს მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის იმ ჩანაწერითაც, სადაც უზრუნველყოფილია პირისთვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება და ნებისმიერი გადაწყვეტილების მინიმუმ ერთი ინსტანციის გასაჩივრება. შესაბამისად, მოსამართლემ უნდა მიმართოს წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ სასამართლომ მოიყვანოს შესაბამისობაში სისხლის სამართლის პროცესის ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციასთან და თუ ასეთი რამ მოხდება, თავისთავად ეს იწვევს ავტომატურად მუხლის შეჩერებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას კიდევ ერთი ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელოს. 

"ყველაზე უხეშ ჩარევას ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებებში, თავისუფლების უფლება შეილახა. ჩვენ ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება-არაკანონიერების შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს გაუქმებული. შესაბამისად, ველოდებით როდის ჩაინიშნება სხდომა და სხდომის ჩანიშვნის ვადები არის სააპელაციო საჩივრის კონკრეტული მოსამართლის წარმოებაში მიღებიდან 72 საათი,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

დღის ამბები