გურიის რეგიონში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საბავშვო ბაღიდან 43 დღეს აღსაზრდელების მისაღებად მზად იყო. თუმცა აქტივობა საბავშვო ბაღებში შესამჩნევად მცირეა და ჯგუფების უმრავლესობაში მხოლოდ რამდენიმე ბავშვია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული 2400-ზე მეტი ბავშვიდან დღეს სააღმზრდელო პროცესს დაახლოებით 500 შეუერთდა.
"ყველა რეგულაციას ვიცავთ, რაც სააღმზრდელო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის არის საჭირო. სადეზინფექციო სამუშაოები ყველა ბაღში ჩატარებულია. შრომის ინსპექცია ყველა მათგანში ნამყოფია. თერმოსკრინინგი ტარდება ყველა ბავშვსა და თანამშრომელზე. მშობელთა და გარეშე პირთა შემოსვლა ბაღის შენობაში შეზღუდულია. სავალდებულო ტესტირებას ყოველ ორ კვირაში ერთხელ ყველა თანამშრომელი გაივლის.
მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებს ბაღებში სრულიად უსაფრთხო გარემო დახვდეთ," - განაცხადა ოზურგეთის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ.