19 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
"სად არის ვაქცინა" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოში ვაქცინა იგვიანებს. ისევ არავინ იცის კონკრეტული თარიღი, როდის გამოიყენებენ ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ. 

აქციის მონაწილეები, მოითხოვენ პასუხი გაეცეს კითხვას - სად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ იგვიანებს მისი შემოტანის პროცესი.

"დღევანდელი აქცია-პერფორმანსი არის მდუმარე აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით გამოიჩინა ჩვენმა მთავრობამ. ეს არის უნიათობა, ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის სურვილის არ ქონა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩალაძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო გუნდთან ერთად, ჯანდაცვის ექსპერტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა იყოს ჩართული, რათა ვაქცინის შემოსატანად პასუხისმგებლობა გადანაწილდეს და ახალი გეგმა შემოუშავდეს.

ჩიხლაძის ინიციატივას იზიარებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ სურგულაძე.

"​ბევრჯერ ვთხოვეთ, იქნებ ჩვენც ჩაგვრთოთ ამ პროცესში, ჩვენც გავიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენც დაგეხმარებით, მაგრამ სრული იგნორირება ჩვენი თხოვნების. ამ შემთხვევაში რა შუაშია ოპოზიცია, პოზიცია, ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემა," - აღნიშნა ვახტანგ სურგულაძემ.

ამასთან, სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობის არასწორი გზა აირჩია, კერძოდ საუბარია კომპანიის სტრატეგიაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყნები, რომლებიც პირველ კატეგორიაში არიან და რომლებიც მარაგდებიან მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინით. საქართველო კი მეორე კატეგორიაში მყოფი ქვეყნების ჩამონათვალშია.

დღის ამბები