ქართველმა სამართალდამცველებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთთან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ გატაცების ფაქტი აღკვეთეს.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს ადგილობრივებს ესაუბრა, მათ შორის, ინციდენტის მონაწილე რამაზ ჩალაურს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეებმა მისი დაკავება სცადეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან სროლასაც ჰქონდა ადგილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ე.წ. მესაზღვრეებს იარაღი ჩამოართვეს და გამოკითხვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.
"შემოვიდნენ რუსები და გამომეკიდნენ, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი. ეგ მოხდა, მეტი არაფერი... ჩვენებმა მიშველეს, პოლიციელებმა, რა მოხდა მეტი არაფერი არ ვიცი. ორი რუსი იყო... ჩვენი ტერიტორიაა," - განაცხადა "კურიერთან" საუბრისას ინციდენტის მონაწილე რამაზ ჩალაურმა.
"რომ დაინახა რუსი სამხედროები, გადმოხტა და გაიქცა. ერთი რუსი სამხედრო წაიქცა, მეორემაც ირბინა, ფეხებში ესროლეო, ესროლა და აცდა, დააღწია თავი როგორც იქნა. მერე მოვიდა ჩვენი პოლიცია, გადარეკეს, გადმორეკეს და დააკავეს და წაიყვანეს ისინიც," - აღნიშნა ადგილობრივმა მურაზ სონიშვილმა.
ადგილობრივის თქმით, მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.
"ადამიანს, რომელიც თავის ნაკვეთში მუშაობდა, გამოეკიდა ორი რუსი ოკუპანტი, თითქმის სახლის კარამდე სდიეს, 600 მეტრით გადმოიწია ოკუპანტი. მოხდა ისე, რომ ეს დროებით შეაკავა ადგილობრივმა პოლიციამ. ზევით მობილური საგუშაგოა გახსნილი და დადიან ჩემს თვალწინ რუსი ოკუპანტები. ეზოს გარეთ ვერ გავდივართ, ნადირობენ ჩვენზე," - განაცხადა ადგილობრივმა ლუდა სალიამ.