19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულ ჟურნალისტს, სამედიცინო კვლევების შედეგად ხერხემლის სამი მალის დაზიანება დაუდასტურდა

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტისას 6 ადამიანი დაშავდა - მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, ერთი კი მრევლი. ისინი გუშინვე ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მათ შორისაა "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარია. მას მხარსა და ხელს შუა ძარღვი აქვს ჩაწყვეტილი.

რაც შეეხება "POST TV-ს" ჟურნალისტს სოსო ხოფერიას, დამატებითი კვლევებით დადგინდა, რომ მას ხერხემლის სამი მალის დაზიანება აქვს მიღებული. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე დაშავებული ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა მისი მდგომარეობა მწვავეა.

"დამატებითი კვლევებით გამოვლინდა, რომ უფრო მეტი მოცულობა, სამი მალის დაზიანება არის ახლა დადასტურებული და ამ ეტაპზე მკურნალობა მოიცავს კონსერვატულ მეთოდებს მხოლოდ და მხოლოდ. საოპერაციო ამ ეტაპზე იგი არ არის.

გართულებებს რაც შეეხება, ხერხემლის მალების მოტეხილობის მხრივ, ჯერ მწვავე პერიოდია და შესაძლოა რამე ჩამოყალიბდეს კიდევ," – აცხადებს ექიმი.

როგორც თავად "POST TV-ს" ჟურნალისტი აღნიშნავს, აქვს ტკივილები და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

"მდგომარეობა მძიმეა იმიტომ, რომ დამოუკიდებლად წამოდგომა-გადაადგილება არ შემიძლია, მაქვს ტკივილები," – აცხადებს "POST TV-ს" ჟურნალისტი სოსო ხოფერია.

დანარჩენი დაშავებულები ამ დროისთვის ბინაზე მკურნალობენ. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ

დღის ამბები