დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - კატარის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ, როჯერ ფედერერს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი 10 წლით უფროს ფედერერს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც შვეიცარიელმა 405 დღიანი პაუზის შემდეგ კარიერა განაახლა.
დოჰას მასტერსის მეოთხედფინალი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა, პირველი სეტი ფედერერმა მოიგო, 6:1 დასრულდა მეორე სეტი ქართველის სასარგებლოდ, გადამწყვეტ მესამე სეტში კი ბასილაშვილმა 7:5 გაიმარჯვა.
დოჰაში განვითარებულ მოვლენებამდე ბასილაშვილის სპორტული კარიერა ცნობილი მოვლენების გამო ფაქტობრივად დაპაუზებული იყო. ყატარში გამგზავრებამდე საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ხუთი შეხვედრა გამართა, სამწუხაროდ, ხუთივეში დამარცხდა.
"ეი-ტი-პის" 250 ქულიან ტურნირზე ბასილაშვილის ნახევარფინალში გასვლას არავინ ელოდა, თუმცა ფედერერთან გამართულმა შეხვედრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ბასილაშვილი-ფერედერის დაპირისპირებამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, ფაქტობრივად ყველა წამყვანი სპორტული გამოცემის მთავარ გვერდზე ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებაზე საუბრობენ.
დოჰას მასტერსის ფინალამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მოსახვედრად ბასილაშვილმა მსოფლიოს რეიტინგში 33-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი უნდა დაამარცხოს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი