იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს საქართველოში ვაქცინაციის ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს.
25 მარტიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას 65 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.
სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების საკმაოდ დიდი მარაგია, ამიტომ თვის ბოლოდან, ნაცვლად მხოლოდ 75+ ასაკობრივი ჯგუფისა, 65+ კატეგორიის ადამიანებიც შეძლებენ იმუნიზაციას.
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს არამხოლოდ AstraZeneca-ს, არამედ Pfizer-ის ვაქცინაც ექნება.
მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, რომელი პრეპარატით აიცრებიან. არჩევანი უკვე გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც AstraZeneca-ს ინექციას გაიკეთებს.
საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ჯერჯერობით ნელი ტემპით, თუმცა მაინც გრძელდება. უკვე აცრილია 3853 მედიკოსი.
რაც შეეხება ვაქცინის მარაგს, ქვეყანას AstraZeneca-ს 43 000-ზე მეტი დოზა აქვს. კვირის ბოლომდე კი დამატებით 30 000 დოზა Pfizer-ის პრეპარატიც შემოვა.