ჩინური კომპანია "სინოვაკი" ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა, ამის შესახებ Fox News წერს. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში კვლევა მიმდინარეობს.
მსოფლიო მასშტაბით "სინოვაკის" ვაქცინა უკვე 70 მლნ-ზე მეტ ადამიანს გაუკეთეს. ჩინეთში ვაქცინაზე უკვე გაცემულია ნებართვა ზრდასრულების ვაქცინაციისთვის, თუმცა ბავშვებში ჯერ არ გამოუყენებიათ, რადგან მათ იმუნურ სისტემას, შესაძლოა, ვაქცინაზე განსხვავებული პასუხი ჰქონდეს.
კლინიკურ კვლევებში მცირე ასაკის 550-ზე მეტი პირი მონაწილეობს. 3 და 6 წლის პაციენტებს აცრის შემდეგ მაღალი სიცხე განუვითარდათ, სხვა მონაწილეებს კი სუსტი სიმპტომები გამოუვლინდათ, - ამბობს "სინოვაკის" სამედიცინო დირექტორი გენგ ჟენგი.
იმის მიუხედავად, რომ ბავშვებისთვის კორონავირუსი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვირუსის გავრცელების რისკს ქმნიან. როგორც Fox News წერს, მაშინ, როდესაც ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში ზრდასრულებზეა ფოკუსირებული, პანდემიის დასასრულებლად ბავშვების იმუნიზაციაც საჭირო გახდება.
"ფაიზერის" ვაქცინას 16 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენებენ, ამჟამად კი მისი შესწავლა 12-16 წლის ასაკის ადამიანებზე მიმდინარეობს. "მოდერნა" ატარებს კვლევებს 12 და მეტი წლის ბავშვებზე, მალე კი 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც დაიწყებს შესწავლას.