დაპირისპირების პარალელურად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ კვლავ გალობა დაიწყო.
ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის ისევ დაპირისპირება იყო.
ამჯერად მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა და ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს.
ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, საბოლოოდ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა მეუფე შეძახილებით - "ცრუ, ცრუ" გააცილა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში პირველად 8 მარტს მოხდა. დახურულ კარს მიღმა, სასულიერო პირებისთვის გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც ეპარქიის ახალი მმართველი უძღვებოდა, რეზიდენციის შენობის აივნის მოაჯირი მოირღვა და მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ, მათი ნაწილი დაშავდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა კი ინციდენტის შეტყობისას გალობა დაიწყო.