დღეს გახდება ცნობილი, სრულად გათავისუფლდება თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირი.
ბრალდებულ ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძის და საბა ჩხარტიშვილის ამნისტიის დასაკმაყოფილებლად დაცვის მხარეს უკვე მოპოვებული აქვს ნ.ხ-ს და გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ზეპირი განცხადება.
დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარე დაზარალებულის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზეპირ თანხმობას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე, 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სამივე ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულებმა ციხე მას შემდეგ დატოვეს, რაც დანაშაული აღიარეს.