"კურიერმა" ნიკა ქუმსიაშვილის მკვლელობის საქმის მასალები მოიპოვა. საზარელი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ულუმბოს მონასტრის მიმდებარედ 2018 წელს მოხდა. გამოძიების მტკიცებით ბიზნესმენი ჯერ სანადირო თოფით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით ბენზინი დაასხეს და კასრში დაწვეს, შემდეგ კი ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში მდინარე რიონში გადააგდეს. ცხედარი მეთევზეებმა თითქმის ერთი წლის შემდეგ იპოვეს, რა დროსაც დანაშაული კვალი ალექსანდრე ტოგონიძემდე მივიდა. გაუჩინარების ღამეს ის მეგობართან და ბიზნეს პარტნიორთან ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც გამოძიებას ეუბნებოდა, რომ მათი გზები ქარელში გაიყო, მოკლულის დედას კი აიმედებდა რომ ბიზნესმენმა ფინანსური პრობლემების გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შეაფარა თავი.
გამოძიების ინფორმაციით ალექსანდრე ტოგონიძემ, 2018 წლის 11 მაისს, ღამის პირველ საათზე ხაშურთან ახლოს არარეგისტრირებული სანადირო თოფით, მისი მეგობარი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი მოკლა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გვამი მოათავსა ლითონის კასრში და დაწვა. შემდეგ გვამი ჩაიტანა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში და მდინარეში გადააგდო. ანალოგიური ინფორმაცია წერია იმ ჩვენებაში რომელიც გამოძიებას ტოგონიძემ მისცა, გადაადგილების ეს ტრაქტორია კი ასახულია იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში რომელიც გამოძიებამ ამოიღო. მკვლელობის მოტივად ანგარება დასახელდა. ტოგონიძეს მოკლულის ოჯახისთვის არასდროს დაუმალავს, რომ გაუჩინარების ღამეს ნიკა ქუმსიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ ამტკიცებდა რომ მათი გზები ქარელის გადასახვევთან გაიყო. გამოძიებისთვის ტოგონიძე საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც მოკლულის ბიძამ სამართალდამცველებს ფინანსურ პრობლემებზე უამბო, დედამ კი ის ინფორმაცია გააჟღერა, რასაც ტოგონიძე მას უყვებოდა.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ტოგონიძე გარემოებების მსხვერპლია, რომელიც საგამოძიებო უწყებაში სცემეს და აღიარებითი ჩვენება იძულებით დააწერინეს. ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ საქმეში დევს ისეთი ვიდეო მტკიცებულებები, რომელსაც მოკლული წლების განმავლობაში აგროვებდა და რომელიც ადასტურებს რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს რომ ამ ჩანაწერებს შეუძლია გამოძიება რეალურ დამნაშავემდე მიიყვანოს, მაგრამ უწყებას ამ დრომდე არ მოუხდენია პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა არ მომხდარა.
ალექსანდრე ტოგონიძის საქმეს სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებად უკვე დაერთო ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ქუმსიაშვილის ფინანსურ პრობლემებზეა საუბარი. გადაწყვეტილება, მეორე ინსტანციის სასამართლომ 27 აპრილს უნდა გამოაცხადოს.