თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. სასამართლო პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება.
შესავალი სიტყვით ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი წარდგება. ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ასევე ერთი შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დავით ხიდაშელის საკითხს ეხება.
"ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს ბატონ ხიდაშელს და მის კავშირებს როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან, ასევე სპეცსამსახურებთან.
შესავალ სიტყვაში ვისაუბრებთ მშრალ, ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ქალბატონ ნატალიას დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
უფლებადამცველების განცხადებით, სასამართლო სხდომაზე დღეს მხარეთა შესავალი სიტყვები გრძელდება.
"შესავალი სიტყვის შემდგომ პროცესი ალბათ გადავა მტკიცებულებათა გამოკვლევის ნაწილზე, რაც გულისხმობს მათ შორის მოწმეთა გამოკითხვას, სასამართლოში დაკითხვას და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ისევე როგორც ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას.
ჩვენ მიერ დანიშნული ექსპერტიზების ნაწილი ერთი 200 000-იანი მასშტაბის ე.წ. ხიდაშელის რუკების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რომელი კითხვაც პროკურატურას არ დაუსვამს არც ერთ ეტაპზე ექსპერტებისთვის," - აცხადებს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, რაზეც საუბრობენ ადვოკატები ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა. პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, მათი არგუმენტები და მტკიცებულებები მოსამართლის წინაშე უკვე წარდგენილი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.