17 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
შეთანხმება ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობის მზადყოფნისთვის - ჯანმოს ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მსოფლიო ლიდერები ინიციატივით გამოდიან ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობებისთვის მზადყოფნის შესახებ შეთანხმება შემუშავდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთობლივ ონლაინპრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შეთანხმებამ ვაქცინებზე, მედიკამენტებსა და დიაგნოსტიკაზე უნივერსალური, თანაბარი წვდომა უნდა უზრუნველყოს. ამავე ინიციატივით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დიდი ოცეულის სამიტზე გამოვიდა.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო იმ საერთაშორისო შეთანხმების ინიციატორი, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს. პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე ვხედავთ თავდაუზოგავ მუშაობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან. პანდემიამ გამოიწვია ერთგვარი უთანასწორობის პრობლემა, ასევე საჯარო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა.

პრობლემებმა ასევე მოგვცა საშუალება გაგვეერთიანებინა ძალები პანდემიის დასაძლევად. პანდემიის შედეგები ეკონომიკასა და სხვადასხვა სექტორზე მნიშვნელოვანია. უნდა ვიმოქმედოთ აქტიურად. ჯერ კიდევ მოწყვლადი ვართ იმისთვის, რომ ერთიანი ვიყოთ პანდემიასთან ბრძოლაში. ეს შეთანხმება სწორედ ამაში დაგვეხმარება, რომ მოვახდინოთ ძალების კონსოლიდირება, უზრუნველვყოთ ვაქცინებზე, მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკაზე უნივერსალური და თანაბარი წვდომა," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისესუსმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, კოვიდპანდემია ყველა სექტორს შეეხო და ყველას სისუსტეები გამოააშკარავა. როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, ვერც ერთი ქვეყანა და კონტინენტი ვირუსის დამოუკიდებლად დამარცხებას ვერ შეძლებს.

"COVID-19-ის პანდემია მსოფლიო მასშტაბით ყველა სექტორს შეეხო და გამოააშკარავა ჩვენი სისუსტეები. გვაჩვენა მკაცრი გაკვეთილი, რომ ვერც ერთი ქვეყანა და ვერც ერთი კონტინენტი დამოუკიდებლად ვირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს. პანდემიის დაძლევა გლობალურ, კოლექტიურ მიდგომას მოითხოვს. ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ და არ გვაქვს ლოდინის დრო. შეთანხმება გვაძლევს საშულებას, მოვახდინოთ პრობლემის პროგნოზირება და დროულად ვიმუშაოთ მასზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გლობალური შესაძლებლობები. ჩვენ ვთანხმდებით საერთო ჯანდაცვის მიდგომის ეფექტურობაზე. COVID-19 გვახსენებს, რომ არავინაა უსაფრთხოდ, სანამ ყველა არ იქნება დაცული," - განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები