"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობენ - 4 წლიანი ანგარიში ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ძირითადად საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასა და საპროცესო შეთანხმებებზე.
"პატიმრობის მოთხოვნა არის გაზრდილი, შუამდგომლობით შესვლა პატიმრობასთან და არა აღკვეთის სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. საგულისხმოა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული და ხშირ შემთხვევაში არის შაბლონური.
პატიმრობისა და გირაოს გარდა, სხვა აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც აღკვეთის ღონისძიების გარეშე ტოვებს სასამართლო პირებს.
გადაუდებელი ჩხრეკა-ამოღების დაკანონებაზე როდესაც მიდგება საქმე და სასამართლომ უნდა დააკანონოს ჩხრეკა-ამოღება, ძირითადად დადებითი გადაწყვეტილებით სრულდება ხოლმე და ეს განჩინებები ხშირ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი და შაბლონურად გამოიყურება ხოლმე.
მეტ-ნაკლებად დადებითად გამოიკვეთა, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა ბოლო წლებში,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
"პარლამენტთან გვაქვს ასეთი რეკომენდაციები, რომ აღკვეთის ღონისძიებების სახეები გაფართოვდეს, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ პატიმრობა და გირაო არ იყოს გამოყენებული. ჩვენი მოწოდებაა, რომ სადაც შესაძლებელია ჩხრეკა-ამოღების თუ დაკავების ვიდეო-აუდიო გადაღება, დავაზღვიოთ ყველა რისკი. მნიშვნელოვანია ნარკოტიკულ დანაშაულთან ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, მეტი ჰუმანიზება, რომ არ იყოს არათანასწორი, არასამართლიანი, არაპროპორციული სასჯელები გამოყენებული,"- აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი.