19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
საგარეჯოში მცხოვრები 18 წლის ნარმის ისაიევა, რომელსაც ოჯახი ეძებს, სავარაუდოდ გათხოვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 18 წლის ნარმის ისაიევა, რომელსაც ოჯახი ეძებს, სავარაუდოდ გათხოვდა.

ოჯახის წევრების თქმით, გოგო გასული წლის ნოემბერში მეზობელ სოფელში მცხოვრებ ბიჭზე დაინიშნა და საკუთარი ნებით აპირებდა გათხოვებას, რამდენიმე დღის წინ კი საყიდლებზე იყვნენ და ქორწილის გადახდა შემოდგომისთვის დაგეგმეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ნარმინ ისაიევას დანიშნულ ბიჭზე გათხოვება არ სურდა და სასიყვარულო უერთიერთობა სხვასთან აკავშირებდა. ამ ვერსიას ამყარებს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გოგონამ წასვლის შემდეგ დეიდას გაუგზავნა.

შეტყობინების შინაარსის მიხედვით, გოგონას სხვა ბიჭი უყვარს და ამის გამო ოჯახს ბოდიშს უხდის. თუმცა, ისაიევას ოჯახი არ იზიარებს ამ ვერსიას. ისინი, მათთვის უცხო ბიჭზე სიყვარულით გათხოვებას გამორიცხავენ და ეჭვი აქვთ, რომ გოგონა იძულებით წაიყვანეს.

"ბიჭის ოჯახი რომ მოვიდა, ჩვენს შვილს ვკითხეთ და მინდაო ამ ბიჭს გავყვეო. გათხოვება მინდაო. სამჯერ ვკითხეთ და თანახმა იყო. სულ ტელეფონზე ლაპარაკობდა, ეჭვიც არ გამჩენია. თუ სხვას გაყვა გამოჩნდეს ის სხვაც, მაგრამ არ მჯერა, რომ თავისი ნებით გაყვა სხვა ბიჭს, ეს უყვარდა. ამ ბიჭსაც უყვარდა, სულ ძვირფასეულობას ჩუქნიდა. ახლა რა მოხდა არაფერი ვიცი," - ამბობს ნარმინ ისაიევას დედა.

თურალ ჯაფაროვია, ვისაც გოგოზე უნდა ექორწინა, მედიასთან არ კონტაქტობს. მის ოჯახში კი ამბობენ, რომ მომავალი სარძლოს გაუჩინარებაზე ვერსიები არ აქვთ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, გოგონას მიღებას არ აპირებენ და ნიშნობაში მიტანილი საჩუქრების დაბრუნებას ითხოვენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო გამოძიება.

დღის ამბები