ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ტურისტული სექტორისთვის შრომის ინსპექციამ მოამზადა დოკუმენტი, რომელმაც ტურისტების უსაფრთხოდ განთავსება და მომსახურება უნდა უზრუნველყოს.
მისივე თქმით, ტურისტული სექტორის ეკონომიკური აქტივობის ხანგძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად შეძლებენ ამ მოთხოვნების შესრულებას.
"სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იყოს შეუფერხებელი და ტურისტი საქართველოსთვის ყოველთვის არის დადებითი ეკონომიკური შედეგების მომტანი, აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება ბევრი ტურისტი, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ტურიზმი მნიშვნელოვნად შეფერხებულია.
თუმცა, მნიშვნელოვანია იმ კერძო სექტორის მზაობა ტურისტების მისაღებად, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს როგორც ტურისტების მიღებაში, სასტუმროების კომპონენტს ვგულისხმობ, ასევე რესტორნებს ვგულისხმობ. შრომის ინსპექციას მათთვის მომზადებული აქვს დოკუმენტი, რომელიც არ არის ქართული სურვილები და ჩვენს სურვილზე დაყრდნობილი მოთხოვნები, ეს არის საერთაშორისო მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ტურისტის, ასევე ქვეყნის უსაფრთხო გარემოს კოვიდპანდემიის პერიოდში. ჩვენ ვგეგმავთ მათთვის ამ მოთხოვნების წარდგენას და იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს სექტორი ამ ყოველივეს დაკმაყოფილებას, მათ ექნებათ საშუალება, ხანგძლივ ჭრილში იყვნენ ეკონომიკურად აქტიურები. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მათ გვერდით, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ ხარისხობრივ განვითარებას,“-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.