20 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის კვალი გავლენიან "კანონიერ ქურდებთან" მიდის

19 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის კვალი გავლენიან ქართველ "კანონიერ ქურდებთან" მიდის. 

48 წლის ვალერი ნაცვლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.

პრესა წერს, რომ საქართველოში მომხდარი მკვლელობა "კანონიერი ქურდების" ორი გავლენიანი კლანის დაპირისპირების შედეგია. ერთ მხარეს ჯეირან კინწურაშვილი, იგივე ჯეირან "ხონსკი" წარმოადგენს, მეორე მხარეს კი მამუკა კვიჟინაძე. 

ნაცვლიშვილის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. მას სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით ჰქონდა მიყენებული.

გამოცემა "პრაიმ კრაიმი" წერს, რომ ჯეირან კინწურაშვილს მხარს უჭერს რუსეთის საპატიმროში მყოფი შაქრო კალაშოვი, მამუკა კვიჟინაძე კი მერაბ ჯანგველაძის გავლენიანი კლანის წარმომადგენელია.

მათ შორის კონფლიქტის გასარჩევად კრიმინალური შეკრება ტრაპზონში იყო ჩანიშნული, თუმცა ჯეირან კინწურაშვილი დანიშნულ დროს ადგილზე არ გამოცხადდა, რის გამოც კვიჟინაძის დაჯგუფება კინწურაშვილის გარემოცვას ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმის გარჩევაში ციხიდან ჩაერთო შაქრო კალაშოვი, რომელმაც ამ დაპირისპირებაში ჯეირან კინწურაშვილს მხარდაჭერა გამოაცხადა, რის შემდეგაც კინწურაშვილის დაჯგუფებამ დაგეგმა და განახორციელა თავდასხმა საქართველოში მყოფ მამუკა კვიჟინაძის მეგობარ ვალერი ნაცვლიშვილზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მას სანადირო თოფით დამიზნებით ესროლეს. ვალერი ნაცვლიშვილის და ამბობს, რომ ეს იმ ბიჭების მამამ გააკეთა, რომლებმაც 2004 წელს ვალერის ძმა, გია ნაცვლიშვილი მოკლეს.

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს 2004 წელს, ახლა მეორე. ისინი სერიული მკვლელები არიან. ეს გააკეთა სურენა მაჭარაშვილმა. მაგისმა შვილებმა მომიკლეს ადრე ერთი ძმა," - აცხადებს გარდაცვლილის და.

მოკლულის ოჯახი, კრიმინალურ სამყაროსთან ვალერი ნაცვლიშვილის კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ ზემოხსენებულ "კანონიერ ქურდებთან" მას შეხება საერთოდ არ ჰქონია.

"რუსთავი 2-თან" საუბრისას ჯეირან კინწურაშვილის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალდაბაში მომხდარ მკვლელობასთან არანაირი შეხება არ აქვს და "გარკვეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ ჯეირან კინწურაშვილის დისკრედიტაციას".

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯეირან კინწურაშვილი “კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით გაასამართლა და დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები