დმანისში გამოკითხვები გრძელდება. ორდღიანი დაძაბულობის შემდეგ დღეს რეგიონში სიმშვიდეა. მიუხედავად ამისა, ადგილზე სამართალდამცავები პრევენციის მიზნით რჩებიან. ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუკავებია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სიტუაცია აუცილებლად უნდა განიმუხტოს და დმანისში თანაცხოვრება მშვიდობიანად გაგრძელდეს.
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ კონფლიქტის არანაირი საფუძველი აღარ არსებობს.
"კონფლიქტის არანაირი საფუძველი აღარ არსებობს. მხარეებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, რითაც საზოგადოებას აჩვენეს, რომ კონფლიქტს საფუძველი არ აქვს. გვექნება მოლაპარაკებები იმისათვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს,"- აცხადებს მეშველიანი.
დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან.
მაღაზიის გამყიდველის განცხადებით, კონფლიქტი ლუდის "ნისიად" ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.