ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დღეს 16:00 საათზე განახლდება. კონკრეტულ გეგმებს აქციის ორგანიზატორები არ ასაჯაროვებენ, თუმცა ცნობილია, რომ პიკეტირებები და მსვლელობა დღესაც იქნება.
ამბობენ, რომ უფრო დიდ ძალას აჩვენებენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს გადაკეტავენ.
შედგება თუ არა შეხვედრა ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მხარეები ამისთვის მზად არიან, თუმცა რიონის ხეობის მცველები შეხვედრაზე რამდენიმე ათეული აქტივისტის დაშვებას მოითხოვენ.
"პიკეტირების მცდელობები გვექნება. ის, რომ ყურადღება გამახვილდეს, ამ თვალსაზრისით და თბილისი ჩაერთოს ამ პროცესში, ჩვენი მიზანი ამ წუთას ეს არის. ჩვენ ვართ ამ პროტესტში და ვხედავთ, რომ აქვს გარკვეული შედეგი. სხვა თვალსაზრისით ჩვენ შედეგამდე ვერ მივედით, ეს სამწუხაროა ძალიან. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანისთვის, ან მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირისთვის პრობლემა არ უნდა იყოს თავის მოსახლეობასთან შეხვედრა. არანაირი შემოთავაზება ან დიალოგის მცდელობა არ არის," - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი მარიტა მუსელიანი.