17 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
"ასე იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ. გამომელაპარაკა, ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი" - ვარლამ გოლეთიანი ენმ-ის წევრთან შეხვედრაზე

სააგენტო "კვირამ" გაავრცელა ფოტოები, სადაც რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს გიორგი ხვედელიანს პირისპირ ხვდება. აღსანიშნავია, რომ გოლეთიანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს არ მართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გოლეთიანმა განმარტა, რომ ამაში კონსპირაციულს ვერაფერს ხედავს.

"რა არის ამაში კონსპირაციული?! უბრალოდ, იმ დიალოგის დროს ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი, რომ ზოგადად უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს.

ზუსტი დიალოგი არ მახსოვს. ასე იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ, თქვენ, (ჟურნალიტები) კი ამბობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, მაგრამ არ არის ბატონი ხვედელიანი ის პერსონა, რომ ყველა ცნობდეს," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ენმ-ის წევრთან კონსულტაციებს გამორიცხავენ დანარჩენი აქტივისტები. "რიონის ხეობის მცველები" "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ პირველად ესმით.

"პირველად მესმის ეგ სახელი და გვარი. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები შეხვდნენ.

ჩვენი პოზიცია გასაგებია ყველასთვის. ყველა პარტია ჩახსნილია ჩვენგან და არცერთ პარტიასთან არ გვაქვს ურთიერთობა," - განაცხადა მაკა სულაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება, ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

დღის ამბები