სახელი, დრო, ადგილი - გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციის შესახებ დადასტურებულად, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.
თვეებია, ყოფილი პრემიერის გეგმები გასაიდუმლოებულია, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მოარული ხმების გავრცელებას.
ამჯერად, აქტიურად მუსირებს თემა, რომ "ოცნების" ყოფილმა პრემიერმა თავისი მომავალი პოლიტიკური გზა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსებს დაუკავშირა. საუბარია დავით კეზერაშვილზე, რომელსაც, მედიის ცნობით, გიორგი გახარია მისი გუნდის წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შუამავლობით ეკონტაქტება.
მომავალი პარტიის დაფინანსების ამ ვერსიას გახარიას გუნდის წევრები დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ სიცრუეს უწოდებენ. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ რეიტინგული ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნებით, ყველაზე მეტად, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ნერვიულობს.
პარტიის პრეზენტაციამდე მმართველი გუნდის წევრები ახალი პარტიის ფინანსებზე დადასტურებულად ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. "ქართულ ოცნებაში" გახარიასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ და ამის მიზეზად საერთო პოლიტიკურ წარსულ ასახელებენ.
"ვერთიანდებით საქართველოსთვის" - სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება გახარიას პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომლის ოფიციალური წარდგენა, წინასწარი ინფორმაციით, შაბათს იგეგმება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი პოლიტიკურ ძალის რიგებს ლევან დოლიძეც შეუერთდება, ის "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი ნატოში ელჩის თანამდებობას იკავებდა.