19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
საღამოს საათებში გააქტიურებული პროტესტი - იქნება თუ არა დღესაც ხმაურის აქცია გუმათში და რატომ შეიცვალა "რიონის მცველების" გეგმები

წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამ მუხლების დარღვევას ნამახვანჰესის 8 მოწინააღმდეგეს ედავებიან. მათი პროცესი დღეს გაიმართა, თუმცა სხდომა მალევე გადაიდო, დაკავებულები კი გაათავისუფლეს.

სწორედ სასამართლო პროცესის გამო შეიცვალა დღეს რიონის ხეობის მცველების დღის განრიგი. აქციის მონაწილეები მსვლელობის გამართვას და პროტესტის ლოკაციის გარკვეული პერიოდით შეცვლას გეგმავდნენ. ამბობდნენ, რომ მათი თანამოაზრეები უკანონოდ დააკავეს, ვინაიდან მათ ქმედებებში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჯებირებზე მუშტების დარტყმა და ხმაური მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 215 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაა. თავის მხრივ, დემონსტრანტები დაბრკოლებებს ჰესის მშენებელ კომპანია "ენკას" ტექნიკას უქმნიან და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავენ.

სოფელ გუმათში ვითარება გვიან ღამით დაიძაბა. რიონის ხეობის მცველებმა პოლიციის მიერ დამონტაჟებულ ჯებირებს მიღმა შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება აქტივისტებს და პოლიციას შორის, რა დროსაც აქციის 8 მონაწილე დააკავეს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში შსს-მ გაავრცელა განცხადება და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები ფიზიკურ დაპირისპირებას არ ცდილობდნენ, თუმცა არც უმოქმედოდ ყოფნას აპირებდნენ.

დღის ამბები