გაეროს ბავშვთა ფონდი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას მონიტორინგს გაუწევს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დროულად იქნას გამოძიებული თითოეული შემთხვევა, სადაც საუბარია ბავშვების მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე.
"მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მხრიდან, რათა ბავშვების უფლებები სრულად იყოს დაცული. ბავშვთა უფლებების კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვები იზრდებოდნენ ოჯახურ გარემოში. სწორედ ამიტომ ვიმყოფები დღეს ნინოწმინდაში, რათა შეხვედრის ფორმატში მოხდეს ყველა პრობლემის განხილვა და სწორი შეფასება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდო ძალადობის შესახებ თავშესაფარში, მე მოვუწოდე ყველა შესაბამის უწყებას, დროულად იქნას გამოძიებული თითოეული ქეისი, სადაც საუბარია სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე. უნდა გამოიკვეთოს ყველა დამნაშავე, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ნინოწმინდა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, შეიძლება გახდეს პრეცედენტი თუ როგორ შეიძლება დაბრუნდნენ ბავშვები საკუთარ ოჯახებში,“ - აცხადებს ღასან ხალილი.