19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ჩვენს გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები, ერთობლივად ვიზრუნებთ გადაყვანის პროცესზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების - "ვორლდ ვიჟენის" და გაეროს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის" წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეები პანსიონში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

"ჩამოვედით ნინოწმინდის პანსიონატში იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ არსებულ მდგომარეობაზე, შევაფასოთ ვითარება და განვიხილოთ სამომავლო გეგმები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული ფორმატით იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ეს არის ჩვენი მიზანი. მნიშვნელოვანია ბავშვების შეფასების პროცესი, რათა მათი საუკეთესო ინტერესი იყოს გამოვლენილი, ისევე როგორც ოჯახების შეფასება. პრიორიტეტულია ოჯახი, ოჯახური გარემო, ოჯახში ინტეგრაცია. ეს არ არის მარტივი პროცესი. აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს კარგად დაგეგმილი. ამაში პროფესიონალების ჩართულობა არის საჭირო. ჩვენს გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ როგორც აქ, ასევე გადაყვანის პროცესზე. ოჯახში გადაყვანის პროცესი ბავშვებისთვის უნდა იყოს უმტკივნეულო. საუკეთესო გამოსავალი ინდივიდუალური მიდგომაა," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე, თანმიმდევრულად განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 შშმ ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანა მყისიერად განახორციელა.

"ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.
ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობის, საჭიროებების შესწავლისა და შეფასების პროცესი კვლავ გრძელდება. მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრებები და რეაგირების ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს. ეს ეხება, როგორც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო სახლებში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.

ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია.

ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული.
პანსიონატში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის" (UNICEF) და "ვორლდ ვიჟენის" (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები