ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის რიგით მეასე სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისს ეუთოს გენერალური მდივანი დაესწრო და მხარეებს ესაუბრა. ჰელგა მარია შმიდტმა მოლაპარაკება უკვე დატოვა და კომენტარიც გააკეთა.
"ახლახანს გავხსენით ინცედენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის რიგით მეასე შეხვედრა. მქონდა შესაძლებლობა მონაწილეებს ეუთოს სახელით მივსალმებოდი. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 12 წლის წინ გაიმართა. მე მაშინ ევროკავშირს წარმოვადგენდი და ბედნიერი ვიყავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის შექმნის თანამონაწილეობით. ახლა ევროკავშირში აღარ ვმუშაობ მაგრამ მოხარული ვარ, რომ აქ ჩემს კოლეგა ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად ვიმყოფები.
ევროკავშირი და ეუთო მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამ ფორმატის შეხვედრები გახდა შეუცვლელი საშუალება დაძაბულობის განსამუხტად. მან კონკრეტული წვლილი შეიტანა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.
ეუთო მსოფლიოში ყველაზე დიდი უსაფრთხოების რეგიონალური ორგანიზაციაა და ჩვენ ხალხის კეთილდღეობისთვის ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონფლიქტმა დააზარალა. ეს არის ყოველდღიური საკითხები და ის გამოწვევები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრები ასევე არის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მე კარგად ვიცი არსებული საკითხების შესახებ, მაგალითისთვის გახელაძის საქმესთან დაკავშირებითაც, რომელზეც დღესაც იქნება საუბარი,"- განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.
"ევროკავშირი, ისევე როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია მედიაციის მეშვეობით მიღებული იქნას გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დიდი პატივია დავესწრო რიგით მეასე შეხვედრას. მადლობას ვუხდი ფორმატის ყველა მონაწილეს მათი მონდომებისთვის, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პრაქტიკული გადაჭრის გზები მოიძებნოს. აქ ევროკავშირი ასევე წარმოდგენილია მონიტორინგის ძალიან მნიშვნელოვანი მისიით. სადამკვირვებლო მისია იქნება აქ რათა წარმოაჩინოს ჩვენი მხარდაჭერა. ვისურვებ დღევანდელ შეხვედრაზე საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი იოანეკე ბალფერტი.
ერგნეთში იმყოფებიან საოკუპაციის რეჟიმის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ქართული მხარერე დააყენებს, სწორედ საქართველოს პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაა.