თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე, ერთ-ერთი პოლიციელი დაიკითხა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებისას ადგილზე იმყოფებოდა.
დაცვის მხარის თქმით, პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა, რადგან შეუძლებელია სპეციალური აღჭურვილობით, აქციის ხმაურში, 5 მეტრის მოშორებით ნიკა მელიას სიტყვები გაეგო.
ნიკა მელიას ადვოკატმა ასევე ირაკლი კობახიძის ბოლო ინტერვიუ გაიხსენა, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ითქვა, რომ ძალოვანი სტრუქტურები პროვოკაციულად მოქმედებდნენ.
"პოლიციელი, რომელიც იყო სპეციალურ აღჭურვილობაში, მას ჰქონდა სპეციალური "კასკა" და ეს "კასკა" ბუნებრივია ფარავს ყურებს, მას მელია არ უნახავს 5 მეტრზე ახლო დისტანციაში. აქციაზე იყო უამრავი ადამიანი, იყო ხმაური და თურმე ამ პოლიციელმა, იმ პირობებში, როდესაც მინიმუმ 5 ზოლი ადამიანის იყო მასსა და მელიას შორის, გაიგო მელიას სიტყვები, მაგრამ სხვა არავის სიტყვები არ გაუგია ამ აქციაზე," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ მოწმემ დეტალურად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ნიკა მელიას უშუალო ქმედებებზე.