19 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"შეუკვეთეს საჭმელი, ალკოჰოლი, შემდეგ სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ და მეორე დღეა ველოდებით" - ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი თაღლითობა

სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი მარიამ ლომინაძე ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი თაღლითური ფაქტის შესახებ წერს.

მარიამ ლომინაძე ამბობს, რომ იმ რესტორანში, სადაც მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, გუშინ, საღამოს რამდენიმე მომხმარებელი შევიდა და ტერიტორია ისე დატოვა, მიღებულ მომსახურეობაში თანხა არ გადაიხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი თაღლითური ფაქტები ბევრ სხვა ობიექტზეც მომხდარა.

მარიამ ლომინაძე facebook-ზე მათ ფოტოებსაც ავრცელებს.

"მეგობრებო არ ვიცი საიდან დავიწყო, ასეთი უმსგავსო ადამიანების დამსახურებაა, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობა გვაქვს დაკარგული საზოგადოებას.

მოკლედ... ეს სამი არამზადა შემოვიდა ქალაქ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, რომლის მენეჯერიც ვარ და ვცდილობ ამ პოსტით ჩემს კოლეგებს ვუთხრა ვის უნდა უფრთხილდნენ.

ორი უცხოელი და მათშორის ერთი ქართველი, რომელიც ფოტოზე კარგად ჩანს. შეუკვეთეს საჭმელი და ალკოჰოლი შემდეგ კი, სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ, და თან ისე გავიდნენ, რომ მეორე დღეა ველოდებით. და, რაც მთავარია, ეს მხოლოდ ჩემს ობიექტზე კი არა სხვა ბევრ ობიექტზე გააკეთეს. ატყუებენ ხალხს და ის თანხა, რომლითაც ძღებიან იმ ადამიანების გადასახდელია ვინც დაუღალავად შრომობენ, რომ დღის ბოლოს 20 ლარი სახლში წაიღონ (მიმტანები) ჩვენს შემთხვევაში ამას მიმტანს არ ვაწერთ)

მოკლედ დააკვირდით და კარგად დაიმახსოვრეთ მათი სახეები არ მოტყუვდეთ და არ გააკაროთ ობიექტებს," - წერს მარიამ ლომინაძე.

როგორც მარიამ ლომინაძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას აღნიშნა, მას თაღლითური სქემით მოქმედი პირების შესახებ ფეისბუკ-პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთი დაზარალებული დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნულმა პირებმა მისგან ბინა იქირავეს, შემდეგ კი თანხა არ გადაუხადეს და გაუჩინარდნენ.

დღის ამბები