თბილისში მომხდარ ვანდალურ ფაქტს, რა დროსაც მე-8 საუკუნის არაბული წარწერა დააზიანეს, "ტფილისის ჰამქრის" წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და შესაბამის ორგანოებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს:
"თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი. ერთი სეიდაბადში (მე-7 ს.), მეორე სოფელ დიღომთან მაჩხანში (მე-9 ს.) და მესამე 2012 წელს გამოვლინდა, პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი. პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი - ნაწილობრივ. წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8-9 საუკუნეების მიჯნაზე.
ეს წარწერა ქვიშაქვაზეა გაკეთებული. ქვიშაქვა რბილი და პრობლემური ქვაა, გამოქარვისა და გაფხვიერებისკენ მიდრეკილი.
ვიღაც ვანდალმა, გადაწყვიტა თბილისში არაბული კვალის მოსპობა და ცხელი გუდრონით გადაშალა წარწერა! ეს არის კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 31-ს დარღვევა, რაც ძეგლის განზრახ დაზიანებას ნიშნავს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით!!!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე!
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა რას ელოდებით!
რას ვშლით და ვანადგურებთ, ისტორიას?! თბილისის საამირო კვალს?! არაბების 400 წლიან ბატონობას?! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია. ანჩისხატის სამრეკლოც მოვშალოთ, სპარსული არქიტექტურის გავლენაა. შახტახტიც დავანგრიოთ, იქ იყო არაბების დაარსებული თბილისის პირველი ობსერვატორია....
რას ვებრძვით, საკუთარ ისტორიას და ქალაქს?!
რატომ მოიხსნა ის მინა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა წარწერას?! ვინ არის პასუხისმგებელი?! რატომ არის ეს გალავნის ნაშთი ტუალეტად ქცეული?! რატომ არ არის დამონტაჟებული კამერები?!
ამ კითხვებზე პასუხს ვინ გაგვცემს?!"- წერს ცირა ელისაშვილი.