რუსთაველის თეატრის მოსკოვში დაგეგმილ გასტროლს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით, მას თანამდებობაზე დანიშვნამდე წინასწარ აკრიტიკებდნენ, რომ შემოქმედი ხალხის საქმიანობაში არ ჩარეულიყო, შესაბამისად, ის არ ერევა თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, სად წავიდეს გასტროლზე:
"იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო. შესაბამისად, გეტყვით, რომ „ემანდ“ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი," - განაცხადა წულუკიანმა.