პორტუგალიის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Instagram-ის პირველი მომხმარებელი გახდა, ვისაც 300 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ამასთან, "იუვენტუსის" თავდამსხმელი ასევე პირველი იყო, ვისაც აღნიშნულ პლატფორმაზე 200 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ფეხბურთელზე, ბოლო დღეების განმავლობაში, ყველაზე მეტს საუბრობენ - რონალდუმ Euro 2020-ის პრესკონფერენციაზე მაგიდიდან დემონსტრაციულად გადადგა კოკა-კოლას ორი ბოთლი, მათ ნაცვლად კი წყალი დაიდგა, ამით საკვები ინდუსტრიის გიგანტმა $4 მილიარდი იზარალა.
რონალდუს ამ საქციელს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა.
ინტერნეტში 2006 წლის მსოფლიო თასის პერიოდში მიმდინარე კოკა-კოლას სარეკლამო კამპანიის ჩინურენოვანი ვიდეორგოლი და ფოტოებიც კი გავრცელდა, სადაც რონალდუ კოკა-კოლას ქილებზეა გამოსახული, შემდეგ კი ის მაცივარში ყინულის კუბით იწყებს ფეხბურთის თამაშს. გარდა ამისა, რონალდუმ "კოკა-კოლას" ქილებთან ერთად საიმიჯო ფოტოებზეც არის აღბეჭდილი.
თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ რონალდუ ჯანსაღი კვების წახალისების გამო ბევრმა შეაქო და ამასთან, ის ერთადერთი არაა, ვინც Euro 2020-ის ოფიციალური სპონსორის პროდუქცია გვერდზე გადადო. მის შემდეგ მსგავსი საქციელი იტალიელმა ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმაც გაიმეორა.
რონალდუს საქციელზე არაერთგვაროვანი გამოხმაურებები კვლავაც გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ 15 ივნისს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.