200-ლარიანი დახმარება, რომელსაც საჭიროების მქონე მოქალაქეების ნაცვლად, სავარაუდო თაღლითების ჯგუფი იღებდა - სამმა ბრალდებულმა, კოვიდ-პანდემიის პირობებში, 10200 ლარის სახელმწიფო დახმარება მიითვისა.
გამოძიების ვერსიით, თაღლითური სქემა შემდეგი სისტემით მუშაობდა - ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს, სადაც მოქალაქეებს ფიქტიურად აფორმებდნენ, შემდეგ კი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროსგან ათასობით ლარს იღებდნენ. 200 ლარიანი დახმარებიდან დაკავებულები ე.წ. ატკატის სახით ას ლარს, იღებდნენ.
სპეცოპერაცია, თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დილის 8 საათზე ჩაატარა და თაღლითობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.
ვაჟა ნიაურს, გივი ბაქრაძესა და თაზო შოშიტაშვილს საგამოძიებო უწყებაში მთელი დღე კითხავდნენ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, მეტიც, შოშიტაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააკავეს. ირკვევა, რომ შოშიტაშვილსა და ნიაურს კავშირები აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები არიან.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და ამბობენ, რომ არც დაკავებულებს იცნობენ. პარტიის წევრების განცხადებით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.